შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო მცენარეები
შინაური ცხოველების პატრონები დიდ ყურადღებას და ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ჩვენი კატები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები უსაფრთხოდ და კარგად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ხშირად, საფრთხე შეიძლება მოულოდნელი ადგილებიდან მოვიდეს. როდესაც სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ოთახის მცენარე, რადგან დიდი რისკია თქვენმა მცენარემ შინაურ ცხოველებს ავნოს.
თქვენი სიმშვიდისთვის, ჩვენ შევადგინეთ იმ მცენარეების სია, რომლებიც უსაფრთხოა კატებისა და ძაღლებისთვის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ თქვენი დღე ისე, რომ ვეტერინართან მოულოდნელი ვიზიტი არ დაგჭირდეთ.
ეს მცენარეები არა მხოლოდ არატოქსიკურია შინაური ცხოველებისათვის, არამედ ისინი საოცრად გამოიყურებიან და ნებისმიერ ოთახს გამწვანების ელფერს შესძენენ.
ბრომელიადი
თუ სახლისთვის მოწითალო, მოვარდისფრო ტონალობებს ეძებთ და თან თქვენი ოთხფეხა მეგობრის უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, ბრომელიადი საუკეთესო არჩევანია. მიუხედავად ლამაზი ყვავილებისა, იზრდებიან დაბალი განათების პირობებშიც და მათი პოვნა ადვილია ნებისმიერი მცენარეების მაღაზიაში.
აფრიკული ია
თუ გსურთ ცხოველებისთვის უსაფრთხო მცენარე, რომელიც დამატებით მშვენიერ ყვავილებს ისხამს, აფრიკული ია თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. ის ნებისმიერი ოთახის მაგიდასა თუ თაროს დაამშვენებს და იასამნისფერ ელფერს შეიტანს თქვენი ბინის ინტერიერში.
მცენარე დაახლოებით 12 სანტიმეტრამდე იზრდება და დიდ მოვლას და ყურადღებას არ საჭიროებს, რადგან მას განათების პირობებშიც კი შეუძლია არსებობა. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ნიადაგი ყოველთვის ტენიანი ჰქონდეს.
ბოსტონის გვიმრა
გვიმრის ნამდვილი სახეობები, ისევე როგორც ბოსტონის გვიმრა უსაფრთხოა თქვენი შინაური ცხოველების გარემოცვაში. ის შესანიშნავია, თუ გსურთ თქვენს სახლში უფრო მუქი მცენარე შეიტანოთ. NASA– ს მიერ დასახელებულ: “ჰაერის გამწმენდ საუკეთესო მცენარეებს” შორის – ბოსტონის გვიმრა ერთ-ერთ ლიდერ პოზიციებზეა. განათავსეთ ის აბაზანაში, სადაც მაღალი ტენიანობაა და თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო გაამდიდრებს.
ჰამედორეა - ოთახის პალმა
თუ თქვენი ბინისთვის შედარებით დიდი ზომის მცენარეს ეძებთ, ოთახის პალმა საუკეთესო არჩევანია. ის დაახლოებით 4 მეტრამდე იზრდება, მარტივად მოსავლელია და იდეალურია დამწყებთათვის. პალმა არატოქსიკურია, ამიტომ შინაური ცხოველების პატრონებმა თავი შეგიძლიათ მშვიდად იგრძნოთ. ის ხარობს დაბალი განათების პირობებშიც, უბრალოდ მორწყე, როცა ნიადაგი გამოუშრება.
ქლოროფიტუმ კომოსუმი ანუ ობობა მცენარე
ობობა მცენარეეები არამხოლოდ შინაური ცხოველების პატრონებისთვისაა ზედგამოჭრილი, არამედ ისინი ფანტასტიური ჰაერის გამწმენდები არიან, რომლებიც აშორებენ ფორმალდეჰიდს, ბენზოლს, ქსილენს და ნახშირბადის მონოქსიდს.
ისინი, როგორც წესი, კარგად იზრდებიან დაბალი განათების პირობებში და მოსწონთ, როცა მათ ნიადაგს გამოშრობის შემდეგ რწყავენ.
უსაფრთხო ოთახის მცენარეებთან ერთად, გადავწყვიტეთ საფრთხის შემცველი მცენარეებიც შემოგთავაზოთ. ფლორისტი ქეთი ჯანხოთელი გირჩევთ, რომ ბინაში, სადაც შინაური ცხოველები ან ბავშვები არიან, არ გამოიყენოთ Araceae-ს ოჯახის წარმომადგელი მცენარეები, განსაკუთრებით კი, დიფენბახია, აგლაონემა და არმა.
დიფენბახია
ეს მცენარე არა მხოლოდ ბავშვებისა და ცხოველებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც სახიფათოა. მისი ყვავილის ან ღეროს წვენის ენაზე მოხვედრამ შესაძლოა სამეტყველო აპარატის დროებითი შეფერხება ან სრულიად მოშლაც კი გამოიწვიოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვს ამ მცენარის წვენმა მეტყველების უნარი სამუდამოდ წაართვა.
აგლაონემა
აგლაონემა ყვავილობისას Araceae-ს ოჯახის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელ ყვავილს იკეთებს (კალას მსგავსს), რომელიც პატარა ტაროს წააგავს. მას ყვითელი გული აქვს, რომლის მოყვანილობაც კანფეტს მოგაგონებთ. ასე რომ, შესაძლოა ბავშვმა ან ცხოველმა მისი გასინჯვა გადაწყვიტოს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
არმა
ეს მცენარე წვიმიან ამინდში ან ზედმეტი მორწყვის დროს გამოყოფს წვენს, რომლის პირში მოხვედრაც სახიფათოა. ზრდასრული ადამიანი ამას მოერიდება, თუმცა იგივეს ვერ იზამს ბავშვი და შინაური ცხოველი. ამიტომაც, არმას ბინაში გახარება რეკომენდირებული არ არის.